Thursday, September 27, 2012

Hawk-ის მცირე მიმოხილვა

ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში გასულმა სიუჟეტმა + ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გაკეთებულმა პირდაპირმა მინიშნებამ ქართული ცის ამერიკული Hawk-ებით (იშიფრება როგორც "Homing All the Way Killer") დაცვის "მიზანშეწონილობის" შესახებ სამხედრო საქმით დაინტერესებული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

აქ არ შევეხები სიუჟეტში გასულ "მარგალიტებს" და ვეცდები დაინტერესებულ მკითხველს მოკლე ინფორმაცია მივაწოდო აღნიშნული კომპლექსის შესახებ.

HAWK-ის კომპლექსზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და მიზნად ისახავდა საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შექმნას, რომლის შეიარაღებაშიც ნახევრადაქტიური თვითდამიზნებადი თავაკით აღჭურვილი რაკეტა იყო გათვალისწინებული.

მუშაობის შედეგად მიღებული სისტემა რამდენჯერმე იქნა მოდერნიზებული, რის შედეგადაც გამოყოფენ 6 ძირითად მოდელს:
  1. BASIC HAWK - შეიარაღებაში მიღების წელი 1959
  2. IMPROVED HAWK - შეიარაღებაში მიღების წელი 1971
  3. PRODUCT IMPROVEMENT PLAN (PIP) PHASE I - შეიარაღებაში მიღების წელი 1979
  4. PIP PHASE II - შეიარაღებაში მიღების წელი 1983
  5. PIP PHASE III - შეიარაღებაში მიღების წელი 1989
  6. HAWK-XXI
ზოგადად, HAWK-XXI-ს გარდა, ძველი მოდიფიკაციები გამოირჩევა შედარებით დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების რადარების კომპლექტაციით, რაც მკვეთრად აქვეითებს კომპლექსის მობილურობას და გადა.

აქედან გამომდინარე, ასევე სხვადასხვა გარემოებების და ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ცის სადარაჯოზე დადგება PIP PHASE III-ისა და HAWK-XXI-ის ერთგვარი სიმბიოზი, რომლის შემადგენლობაშიც სავარაუდოდ* იქნება:
  • სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-64 SENTINEL
  • ცეცხლის მართვის ცენტრი
  • სამიზნის დამზერის რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-61 მოდერნიზებული ელექტრო-ოპტიკური თვალთვალის სისტემით
  • გამშვები დანადგარი M192M1
  • MIM-23 ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტები
* თუ რეალობაში აღმოჩნდა, რომ აღნიშნულზე მეტი რაოდენობის და რაც მთავარია ძველი რადარების (სამიზნის აღმომჩენი იმპულსური რადიოლოკატორი AN/MPQ-50; უწყვეტი გამოსხივების სამიზნის აღმომჩენი რადიოლოკატორი AN/MPQ-62; მანძილმზომი რადარი AN/MPQ-51 >>> ამ სამივეს ეფექტურად ანაცვლებს AN/MPQ-64) მქონე მოდელი "შემოგვთავაზეს", თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯობია საერთოდ უარი ვთქვათ, ვინაიდან საომარი მოქმედებების დაწყებისას მათი ეფექტურობა ფაქტიურად ნულოვანი იქნება.


"ქართული HAWK"-ის სავარაუდო შემადგენლობის გრაფიკული გამოსახულება




სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-64 SENTINEL
სამიზნის აღმოჩენის სამგანზომილებიანი ფაზირებულცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურის დანიშნულებაა საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა, გაცილებაზე აყვანა და კლასიფიკაცია. მაქსიმალურ 75კმ-ზე სამიზნის აღმოჩენა ხდება ნემსისებური ვიწრო დიაგრამის რადიოსხივით, რომლის მოქმედების სექტორია:
  • აზიმუტი 360 გრადუსი >>> ანტენის მექანიკური მოტრიალებით
  • დამზერის კუთხე 22 გრადუსი >>> -10...+55 გრადუსიან არეალში შეიძლება აღნიშნული 22 გრადუსიანი სექტორით ვარირება
რადიოლოკატორის სხვა საინტერესო მახასიათებლებია:

  • 30 ბრუნი/წთ
  • ერთდროულად შეუძლია გაცილებაზე აიყვანოს მინიმუმ 60 სამიზნე
  • რემონტთაშორისი დროის ინტერვალი 600სთ


ცეცხლის მართვის პუნქტი


ცეცხლის მართვის პუნქტის დანიშნულებაა:
  • სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება
  • აღმოჩენილი სამიზნეების პრიორიტეტებად დაჯგუფება
  • მაღალი პრიორიტეტის მქონე სამიზნეების განაწილება სამიზნის დამზერ რადიოლოკატორებზე
  • სამიზნის დამზერის რადიოლოკატორის მიერ სამიზნის გაცილებაზე აყვანის და გამშვები დანადგარებიდან რაკეტის გაშვების მზადყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, რაკეტის გაშვებაზე სანქციის გაცემა
  • სამიზნის დამზერის რადიოლოკატორის, გამშვები დანადგარების ფუნქციონალური მდგომარეობის კონტროლი




სამიზნის დამზერის რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-61

მაღალი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე სამიზნის დამზერის რადიოლოკატორი უზრუნველყოფს რაკეტების ნახევრადაქტიური თავაკებისათვის ინფორმაციულ კვებას.

აღნიშნული მოდელის უპირატესობა წინა ვერსიებთან (AN/MPQ-46/-57) მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია ე.წ LASHE (Low-Altitude Simutaneous Hawk Engagement) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაბალ სიმაღლეზე მფრენი ერთდროულად 6 სამიზნის დაზიანებას.


აღნიშნული სადგურის წინა მოდელებს მხოლოდ ერთი საცეცხლე არხი ჰქონდათ (ერთდროულად მხოლოდ ერთი სამიზნის დამზერა და შესაბამისად მხოლოდ ერთი გამშვები დანადგარიდან გასროლილი რაკეტების გამიზვნა სამიზნეზე), რის გამოც მასიური საჰაერო იერიშის დროს ასეთი ბატარეის შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდულია.


რადიოლოკატორზე განთავსებულია ასევე ოპტიკური სისტემა, რომელიც ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უზრუნველყოფს სამიზნის გაცილებას.

ცეცხლის მართვის პუნქტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რადიოლოკატორი ახორციელებს სამიზნის ძებნას მოცემულ სექტორში და აღმოჩენის შემდეგ გაცილებაზე აყვანას.

როგორც წესი ერთი ასეთი სადგური 3 გამშვებ დანადგარს ემსახურება.



გამშვები დანადგარი M192M1



გამშვები დანადგარი აღჭურვილია ჰიდრავლიკური ამწეებით, რომელთა საშუალებითაც ხდება რაკეტის მიმმართველების (სულ 3 ერთეული) მიმართვა შეპირისპირების წერტილში. გამშვებ დანადგარზე არ არსებობს არავითარი რადიოტექნიკური საშუალება, რომლის მიხედვითაც რაიმე სახის კავშირი მყარდება რაკეტასთან ფრენის მთელი ციკლის განმავლობაში.


რაკეტების დატენვის პროცესი




MIM-23 ტიპის რაკეტა
სხვადასხვა ტიპის  მოდელების იქნა შემუშავებული, თუმცა აქ განვიხილავ მხოლოდ MIM-23B მოდელს, რომლის სტანდარტამდეც იქნა მოდერნიზებული ყველა რაკეტა 1978 წლისათვის რაც კი აშშ-ს შეიარაღებაში იყო და რომლის დიდი ნაწილი სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ გადმოგვცენ. 
აღნიშნულ მოდელს გააჩნია 2 რეჟიმიანი (5წმ-იანი სასტარტო წევის/აჩქარების რეჟიმი; 21 წმ-იანი მუდმივი სიჩქარით ფრენის რეჟიმი) M112 ტიპის ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნის დაზიანებას

  • მაღლა მფრენი სამიზნეებისთვის   40კმ მანძილზე 
  • დაბლამფრენი სამიზნეებისთვის  მაქსიმალურ 20კმ მანძილზე 
საბრძოლო ქობინში მოთავსებულია 14 ათასი 2 გრამიანი დამაზიანებელი ელემენტი, რომელთან ინიცირებისას ხდება 70 გრადუსიანი (დამზერის კუთხის ანალოგიურად) სივრცის დაზიანება.

რაკეტის რადიოგამჭვირვალე გარსაცმის ქვეშ მოთავსებულია ნახევრადაქტიური თვითდამიზნებადი თავაკი, რომელიც იჭერს სამიზნიდან არეკლილ რადიოსხივებს და აანალიზებს მათ, ეგმ გამოიმუშავებს შესაბამის ბრძანებებს და საჭეების საშუალებით რაკეტას მიმართავს სამიზნისაკენ.




რა თქმა უნდა სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენს არსენალში ასევე გვეხილა MIM-23K მოდელი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ბალისტკური რაკეტების საწინააღმდეგოდ და წინა ვერსიებისგან განასხვავებს:

  • 35 გრამიანი დამაზიანებელი ელემენტები
  • ახალი ამფეთქი






7 comments:

  1. AN/MPQ-61-ის და გამშვები დანადგარის(რაკეტების) ერთ მანქანაზე დამონტაჟება არ შეიძლება? რატო არიან ცალ ცალკე?
    ჩვენ პირობებში უმეტეს შემთხვევაში მაინც პასიურ რეჟიმში, ოპტიკური სამიზნის(ალბატ სითბოვიზორიც აქვს) გამოყენებით მოუწევთ მუშაობა, რადგან დიდი ალბათობით სამიზნის აღმომჩენ რადარებს რუსები ჩაახშობენ ან გაანადგურებენ.
    ე.ი. ჩვენ პირობებში უმეტეს სმთხვევაში მოხდება ჯერ მიზნის ვიზუალური აღმოჩენა და მერე გამმმიზნავი რადარის სწრაფი ჩართვა და გასროლა, შემდეგ კი უკვე "დამწვარი" პოზიციის რაც შეიძლება სწრაფი დატოვება. ასეთ კონფიგურაციაში კი გამმიზნავი რადარი და გამშვები დანადგარი ერთ მანქანაზე, რომ იყოს მემგონი უკეთესი იქნებოდა.

    ReplyDelete
  2. თუ დავუშვებთ, რომ სპეციალისტების მიერ მოხდება აღნიშნული მოდელის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის შექმნა და პროექტის დაცვა შესაბამისი კომისიის წინაშე, ასეთ შემთხვევაში მივიღებთ თვითმავალ საცეცხლე დანადგარს, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება ექნება. მაგრამ ამისათვის საჭიროა:
    1. შესაბამისი მახასიათებლების (ზომის, გამავლობის, ერგონომიკის) მქონე შასის დაპროექტება/მოძიება
    2. რაკეტების გამშვები მოდულის და რადიოლოკაციური სადგურის განთავსების პროექტის შექმნა (გასათვალისწინებელი იქნება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა მაგ: ვიბრაცია გადაადგილების დროს)
    3. საცდელი პროტოტიპის შექმნა და პოლიგონზე გამოცდა
    4. შემდეგ უკვე ამ მოდელის სერიაში "ჩაშვება"

    ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა

    "ჩვენს" შემთხვევაში კი ქართული ცის სადარაჯოზე " მომენტალურად" შეიძლება დადგეს სისტემა

    ReplyDelete
  3. 1. რამე, რომ იყოს, მტლბ-ზე დაეტეოდა ორივე(რადარიც და რაკეტებიც).
    2.ვიბრაციებში, ერთდროულ გამიზნვნას და მოძრაობას გულისხმობთ ალბათ!? თორემ ისე გადაადგილების ვიბრაციას ხომ ისედაც იტანს.ისე პირდაპირ მარშიდან ასეთმა კომპლექსმა ცეცხლი გახსნას არა მგონია. უფრო სტაციონარული იმოქმედებს.გამორთული რადარით ივლის, მიზნის პასიურ რეჟიმში(ოპტიკური) აღმოჩენის შემდეგ გაჩერდება, ჩართავს რადარს და გაისვრის. ჩართული რადარით ისედაც არ ივლის, ამიტომ ვიბრაციები არა მგონია რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს.
    3.მზა მაკომპლექებელებისგან(მტლბ,რადარი, გამშვები დანადგარი) საცდელი პროექტის შექმნა, საკმაოდ სწრაფად შეიძლება.
    4. სერიაში ჩაშვება, უფრო მზა მაკომპლექტებელიბისგან აწყობის პროცესი იქნება, ამიტომ შესაბამისი მონდომების შემტხვევაში ესეც არ არის დიდი პრობლემა.

    ქართული ცის სადარაჯოზე, რომ მომენტალურად დადგება სისტემა ეგ გასაგებია, მაგრამ მე ის უფრო მადარდებს,მიზნის აღმომჩენი რადარების განადგურების შემდეგ რას იზავს ასეთი სისტემა. მიზნის აღმომჩენი და გამმიზნავი რადარის განადგურების შემტხვევაში(რუსებთან ომის შემთხვევაში დიდი ხანი ვერ იცოცხლებს ვერც ერთი და ვერც მეორე. ჩართავენ თუ არა , აღმოაჩენს ა50-ი და მიიღებენ სმერჩების რაკეტებს ან სხვა რამეს საპასუხოდ) ბატარეა "ბრმა" რჩება და ფუნქციას კარგავს. აი ყველა გამშვები დანადგარი თავისი რადარით და ოპტიკურ ელექტრონული სამიზნეებით, რომ იქნება აღჭურვილი და მიზნის აღმომჩენი რადარის განადგურების შემდეგ, პასიურ რეჟიმში შეეძლება დამოუკიდებლად მუშაობა, მაშინ ბატარეა ბრძოლისუნარიანობას გაცილებით დიდი ხნით შეიანარჩუნებს.

    ReplyDelete
    Replies
    1. 1. სამწუხაროდ მტლბ-ზე ნამდვილად ვერ დაეტევა ორივე, გაცილებით სერიოზული შასია საჭირო, თან AN/MPQ-61 საკმაოდ სივრცეტევადი სისტემაა

      2. არა მოძრაობაში სროლა არა, გადაადგილებისას არსებულ ვიბრაციებზე მაქვს საუბარი. აქამდე ასე იყო, რომ მისაბმელით ხდებოდა მაგ სისტემების გადაადგილება, თქვენეულ ხედვაში კი სავარაუდოდ ნაგულისხმევია მუხლუხოიანი შასი, რომლის ვიბრაცია გადაადგილების დროს დამეთანხმებით, რომ მკვეთრად განსხვავდება ბორბლებიანისგან.

      3-4. აქ საკამათო საკითხია, ვინაიდან საქართველოს საწარმოო სიმძლავრეები რბილად რომ ვთქვათ დიდი კითხვის ნიშანია

      5. გასაგებია რასაც ამბობთ, მაგრამ განცალკევებულად ყოლასაც აქვს თავისი პლიუსები:

      საცეცხლე ზღუდით ვარირების საშუალება, რაც ეშელონირებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

      რთული რელიეფის პირობებში ხანდახან უპრიანია საცეცხლე საშუალებების და გამიზვნის რადიოლოკაციური სადგურის განცალკევებულად ყოლა

      მტრის მიერ აქტიური საცეცხლე ზემოქმედების შემთხვევაში ზიანდება მხოლოდ რლს, მაშინ როდესაც თუ ერთად იქნება ორივე, დიდი ალბათობით რაკეტებიც

      რაც შეეხება იმ საფრთხეებს რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგის წამალია ერთიან ქსელში ჩართული რამდენიმე რადიოლოკაციური პოსტი, რომელთაც ერთმანეთის "გადაფარვა" შეუძლიათ ანუ აზღვევენ ერთმანეთს

      მაგრამ ეს უკვე პროფესიონალების საქმეა და მეთაურების ოპერატიული მართვის ხელოვნებაზეა დამოკიდებული

      პატივისცემით

      Delete
  4. ჩემი აზრით, სტაციონარულ და ერთ რადარს მიბმულ ბატარეას გდარჩენის დიდი შანსი არ მტრისგან ალყაშემორტყმულ თბილისში თუ ქუთაისში და არც მთაგორიან რელიეფში პარტიზანული ომის პირობებში ექნებათ. შანსი მარტო მობილურობის, მაქსიმალური გამავლობის და ყველა გამშვები დანადგარის მაქსიმალური ავტონომიურობის შენარჩუნებაშია. სტაციონარულ პოზიციას, იქნება ეს ქალაქში თუ მთაგორიან რელიეფშ,ი მოწინააღმდეგე გაცილებით მალე აღმოაჩენს და გაანადგურებს, ვიდრე გაცილებიტ მობილურ ავტონომიურ ბატარეას, რომლის ყველა გამშვებს ავტონომიურ რეჟიმში მოქმედება შეეუძლება. ასეთი სისტემის კარგი მაგალითი "ბუკ"-ია. ჩვენ კონკრეტულ პირობებში(მოწინააღმდეგის შესაზლებლობების გათვალისწინებით) ჩემი აზრით ასეთი სისტემა იქნება იდეალური.

    ReplyDelete
  5. ბატონო დავით იქნებ OCA ზე დაგეწერათ დიდი სტატია?

    ReplyDelete
    Replies
    1. ვეცდები აუცილებლად შევასრულო თქვენი თხოვნა

      Delete